კურორტის ისტორია

გინახავთ თქვენ ფერი გამჭვირვალ ჰაერის? ეს ჩემი ქვიშხეთის ზეცაა“, – ალბათ ასე დაიწყებოდა გალაკტიონის ლექსი ქვიშხეთზე, მას რომ ჩვენამდე მოეღწია. დიახ, გალაკტიონი ქვიშხეთის ხშირი სტუმარი იყო. იმ თავის სასწაულმოქმედ ბლოკნოტში სამუშაო გეგმა შეუდგენია და ერთი ასეთი ჩანაწერიც გაუკეთებია , „ქვიშხეთი, 1953 წელი“, სამწუხაროდ ამ ამბავზე მეტი არაფერი ვიცით, მაგრამ შუაღამის სწორს, როცა დამძიმებულ ქუთოთოებს თავისი მაინც გააქვთ და მთაწმინდიდან ნაზი სიო დაუბერავს, სოფელი ივსება პოეზიის მეფის დაკარგული ბლოკნოტიდან გაცოცხლებული , ჯერ ართქმული, არგაგონილი ფრაზებით, რომელიც მხოლოდ გულგამთბარ, გამჭვირვალე სულებს ესმით, უცხო ყურის ასახვევად კი ხეების შრიალითაა შენიღბული.
და განა როგორია „გამჭვირვალე ჰაერი“ ? რას ნიშნავს მისი გამჭვირვალობა, განა სჩანს რამე ამ ჰაერს მიღმა? იქნებ სიტყვათა ეს შეთანხმება ყველას რომ აგრერიგად აღაგზნებს ცარიელი მეტაფორაა? ეს არავინ იცის, თუმცა, ვისაც აქ ერთხელ მაინც დაუსვენია, ვისაც ერთხელ მაინც შეუხედავს აქაური ცისათვის, ვისაც ერთხელ მაინც უგრძვნია მთაწმინდის სიმწვანეს გამოპარული მზის სხივებით დაისრული სხეულის სითბო, – გიპასუხებთ, რომ აქაურობა გენიოსების ნაფიქრალით, მათი ვერდაწერილი, თუ დაკარგული ტექსტებითა და ფრაზებითაა გაჟღენთილი. და „გამჭვირვალე ჰაერი“ არაფერია თუ არა მზერის სისუფთავე, თვითონ ცხოვრება,თვითონ არსებობა, თავისი ყველაზე ნაღდი და შეურყვნელი ფორმით. ჭეშმარიტი გამჭვირვალობაც ხომ ესაა, _ ხედავდე ყველაფერს ისე, როგორიც ის არის? განა შთაგონებაც ამ დროს არ ეწვევა ხოლმე ადამიანს, როცა მისი არსება ერთ სულ და ერთ ხორც იკვრება, როცა მშვენიერი წამი, რომლის შეჩერებაზეც ყველა ოცნებობს, მოთვინიერებულია და შენს ბრძანებას ელის? ერთი ეგაა, რომ სულისა და ხორცის აეგეთი ჰარმონია, უღრუბლო გონება, მარადიულისა და ყოფითის აეგეთი ჩახუტება დღეს ისეთივე გაიშვიათებულია, როგორც ჰაერი მთაწმინდის უმაღლეს წერტილში. სწორედ ამიტომაა გამორჩეული და ნიშანცხებული ყველა, ვინც ამ წმინდა და იდუმალ ადგილს სტუმრობს, ვინც იმ იშვიათი სიხარულით ჯილდოვდება ჩვენ რომ შემოქმედებას და ხელოვნებას ვეძახით.
თავისი ლიხის ქედით, წითელი ხიდით, აღმოსავლეთ-დასავლეთ გზების მოდარაჯე ბულბულის ციხით, ცასა და მიწას შორის გამოკიდებული ჯადოსნური კიბე, _ მთაწმინდით, ქვიშხეთი ყოველთვის იყო ერთგვარი მედიუმი, პორტალი, კავშირი ორ სამყაროს შორის, „ხან – მიწისა და ხან – ცისა“.
ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე გაშენებულია ერთი ჯადოსნური სოფელი, სადაც საქართველო ერთიანდება.

იყავი კავშირში

მოდი, ვიმეგობროთ. გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გვერდი და მიიღეთ ინფორმაცია განახლებული ტარიფების, პრომოებისა და ღონისძიებების შესახებ.