კურორტის შესახებ

ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, იქ, სადაც საქართველო ორ ნაწილად იყოფა, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე გაშენებულია ერთი ჯადოსნური სოფელი, რომელიც ათას მიზეზს გაძლევს რომ ის ერთხელ და სამუდამოდ შეგიყვარდეს. სამი მხრიდან მთებით შემოსაზღვრული ქვიშხეთი შავი ზღვიდან წამოსულ თბილ, ნოტიო ჰაერის მასებს ადგილზე კავკასიონის კრისტალურ ჰაერს ახვედრებს, რაც მისი ჰავის უნიკალურ სამკურნალო თვისებებს განაპირობებს. სწორედ ამ ადგილას იქმნება ე.წ. „საჰაერო ქვაბი“, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკთან ერთად ქვეყნის მთავარ სასუნთქ არტერიას წარმოადგენს. გამჭვირვალე და მაცხოვნებელი ჰაერი სამკურნალო მინერალურ წყლებთან ერთად ჰქმნის სიჯანსაღითა და სიმყუდროვით გაჯერებულ ზღაპრულ გარემოს, რომელსაც აღმოსავლეთიდან „მთაწმინდად“ წოდებული ქვიშხეთის მთა ისე დაჰყურებს , როგორც ნათლის მხედარი, როგორც ფასდაუდებელი საგანძურის ერთგული მეციხოვნე. ულამაზესი ბუნება, მთისა და ბარის შეზავებული, მშრალი კლიმატი, ცივი, ანკარა წყაროები, უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იდუმალებით მოცული ტურისტული ბილიკები, სტუმართმოყვარე ხალხი და მრავალფეროვანი სამზარეულო, იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რის გამოც მოსახლეობა აქ უძველესი დროიდან დასახლდა. ამას ადასტურებს 2001-2002 წლებში ქალაქ ბოხუმში გამართული გამოფენაც, სადაც ქვიშხეთიდან ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრის ექსპონატები იყო წარმოდგენილი. სახელი „ქვიშხეთი“-ს წარმოშობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ივანე ჯავახიშვილის გადმოცემით ის ქვიშიან ნიადაგს უკავშირდება, თუმცა ადგილობრივი გადმოცემის თანახმად ქვიშხეთი ცივი ზამთრის მეტაფორაა, „ქვის მხეთქი“ სიცივის, ბუნების ძლევამოსილების მორიგი უტყუარი დასტურის.

სოფლის შემაღლებულ ნაწილში მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში აგებული უბრალო, თუმცა მომნუსხველი სახლი დგას, სადაც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანი სახლობდა. სწორედ ამ სახლის ეზოში ჩაეყარა საფუძველი იმ ამბავს, რომელმაც სიტყვები „ქვიშხეთი“ და „მწერლები“ სამარადჟამოდ შეადუღა და განუყრელ ერთობად აქცია.

„ყიფიანების სასახლეს“ პერიოდულად ახალი ნაგებობებიც ემატებოდა: კოტეჯები, სასადილო, მწერალთა საცხოვრებელი კორპუსი და სხვა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1924 წელს დიმიტრი ყიფიანის სახლი მწერალთა კავშირს გადაეცა. ამ დროიდან მოყოლებული 1990- იანების ბოლომდე ქალაქის ხვატსა თუ საბჭოთა ცენზურას გამოქცეული უამრავი ქართველი მწერალი ოჯახებთან ერთად აქ „აფარებდა“ თავს. ქვიშხეთი გახდა თავისუფლების ნავსაყუდელი, ერთგვარი ოაზისი, სარკმელი სრულიად უცხო, განსხვავებულ გარემოში, სადაც გარეთ ტოვებდი შენი ეპოქის ტვირთსა თუ სიმძიმეს და მთაწმინდის სიახლოვით დამუხტული მშვიდად „ეწობოდი“ შემეცნებისა და გასხივოსნების უსაზღვრო და უპირობო სიყვარულით გამთბარ ბუდეში.

კონსტანტინე გამსახურდია, გალაკტიონ ტაბიძე, ჯემალ ქარჩხაძე, გურამ დოჩანაშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, გივი შაჰნაზარი, სერგო ზაქარიაძე, რეზო ჩხეიძე, გოგი დოლიძე და ქართული შემოქმედებითი გენის კიდევ უამრავი თვალსაჩინო წარმომადგენელი სხვადასხვა დროს სტუმრობდა ქვიშხეთს. სწორედ აქ განიხილავდნენ ისინი ყველაზე მნიშვნელოვან ზნეობრივ, ფილოსოფიურ საკითხებს, რაც მათ შემოქმედებას ასე ამშვენებს. სწორედ ქვიშხეთის მთაწმინდას უსახსოვრა ქართული პოეზიის იშვიათმა მარგალიტმა, ტატო ბარათაშვილმა, ლექსი „ შემოღამება მთაწმინდაზედ„ , აკაკი წერეთელმა კი თავისი „განთიადი“,_ რომელიც დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა, _ ზუსტადაც ქვიშხეთის „ჩაფიქრებული მთაწმინდის“ ცქერისას შექმნა. აქაურობის ხშირი სტუმარი იყო მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც სწორედ აქ მუშაობდა რომანზე „არსენა მარაბდელი“ და 1937 წელს, ჩეკისტებმა სწორედ ქვიშხეთში დააპატიმრეს. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ამ ამბავს ასე იხსენებს : „შუაღამისას სოფელში შავი ვილისი შემოვიდა, ისეთი შავი რო ფერს უკუნ სიბნელეშიც ვარჩევდით. სახლებში დარჩითო, რუპორიდანა ჰყვიროდნენ, კი მეხვეწა დედაი არ გამოხვიდე ოთახიდანაო, მარა თეთრ საღამურში გამოწყობილი ჯავახიშვილის დანახვა მაინც გავახერხე“.

ათწლეულების მანძილზე ეს ადგილი მუდმივი შემოქმედებითი წვისა და ხარშვის მოწმე იყო და ბუნებრივია ამ ფაქტს უკვალოდ არ ჩაუვლია. „ცაცხვები“, „აუზი, „ქვედა ბესედკა“, „ბიბლიოთეკა“ – ეს ის სიტყვებია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ჩაიბეჭდა ქვიშხეთში დამსვენებელთა გულებსა და მეხსიერებაში.

სწორედ ეს მოგონებები და ღირებულებები გააერთიანა ჩვენმა სასტუმრომ, რადგან გვწამს, რომ ქვიშხეთი ინახავს რაღაც ძალიან ძვირფასსა და მარადიულს, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. ამიტომაც შევქმენით კომპლექსური, მიმზიდველი სივრცე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებთან და კომფორტულ ინსფრასტრუქტურასთან ერთად თავს უყრის იმ ამბებსა თუ მოგონებებს, რომელიც ამ ადგილის სულს საუკუნეების განმავლობაში დამჩნევია და ჩვენს დამსვენებელს აქ მომხდარი უამრავი ისტორიული ამბის თანამონაწილედ აქცევს. შემთხვევითი არ არის ფაქტი, რომ ჩვენი პროექტი ავსტრიულ-შვეიცარიული ინვესტიციით სწორედ იმ ხალხის დახმარებით ხორციელდება, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე კარგად იცის მთისა და დასვენების, სიმყუდროვისა და ხარისხის ფასი.

იყავი კავშირში

მოდი, ვიმეგობროთ. გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გვერდი და მიიღეთ ინფორმაცია განახლებული ტარიფების, პრომოებისა და ღონისძიებების შესახებ.